2020 წლის 4 ნოემბრს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ
საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების პროცედურა.
ცვლილებებამდე, სააგენტოს, მართალია, ჰქონდა უფლება, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, მოეხდინა
ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმება, თუმცა, არ არსებობდა შესაბამისი საპროცესო ნორმები,
რომლითაც სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის დროს და უნდა დაყრდნობოდა
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში არსებულ მეწარმის საქმიანობის შემოწმების
მარეგულირებელ ნორმებს. თავის მხრივ, მეწარმის საქმიანობის შემოწმების განსაზღვრელი დებულებები
სასამართლოს ავალდებულებდა, ეცნობებინა ეკონომიკური აგენტისთვის სააგენტოს შუამდგომლობის შესახებ და
შედეგად, წინასწარ ხდებოდა მეწარმე სუბიექტებისათვის ინფორმაციის მიწოდება მოსალოდნელი შემოწმების
შესახებ.
2020 წლის 4 ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა სპეციალური თავი,
რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების თაობაზე სააგენტოს
შუამდგომლობის განხილვის პროცესში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურული ნორმა არის შუამდგომლობის
განხილვა ზეპირი მოსმენისა და ეკონომიკური აგენტების წინასწარი ინფორმირების გარეშე.
კანონსა და საქმის მოკვლევის წესში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, სააგენტომ უნდა განახორციელოს
შემდეგი პროცედურები ეკონომიკური აგენტების ადგილზე შესამოწმებლად:
ეტაპი I — საქმის მოკვლევის დაწყება: — ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ
საქმის მოკვლევის პროცესში. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, ადგილზე შეამოწმოს არამხოლოდ ის პირი,
რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქმის მოკვლევა, არამედ, სხვა ისეთი ეკონომიკური აგენტიც, რომელთანაც
ინახება შესაბამისი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები.
ევროკავშირის ქვეყნებში ადგილზე შემოწმების მექანიზმი ყველაზე ინტენსიურად გამოიყენება კონკურენციის
შემზღუდველი შეთანხმებების შესწავლის დროს, რადგან წარმოადგენს პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვების
ეფექტურ მეთოდს. თუმცა, მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად
გამოყენების, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტების მოკვლევის პროცესშიც.
ეტაპი II — სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენა:- ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების თაობაზე
სააგენტომ შუამდგომლობით უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. სააგენტოს შუამდგომლობა უნდა
იყოს დასაბუთებული, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს ერთ-ერთი კანონისმიერი პირობა — მტკიცებულებების
დამალვის/განადგურების საფრთხე, ეკონომიკური აგენტების მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობა ან მატერიალური
აქტივების ვიზუალური დათვალიერების აუცილებლობა. ამასთან, სააგენტომ დეტალური ინფორმაცია უნდა
მიაწოდოს სასამართლოს შესამოწმებელი პირის, შემოწმების ადგილის, ვადის, ხასიათის და ფარგლების
შესახებ.
სასამართლო 72 საათის განმავლობაში განიხილავს შუამდგომლობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
სასამართლოს მიერ ადგილზე შემოწმების თაობაზე ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტი ამ
ინფორმაციას მიიღებს სააგენტოს მიერ შემოწმების ფაქტობრივ დაწყებასთან ერთად და მას აქვს უფლება
ერთჯერადად გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო წესით — ჩაბარებიდან 48 საათში. თუმცა, ბრძანების
გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას და სააგენტოს შეუძლია, გააგრძელოს ადგილზე შემოწმება
გასაჩივრების მიუხედავად. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს ეკონომიკური
აგენტის მოთხოვნას და გააუქმებს ბრძანებას, სააგენტო ვეღარ გამოიყენებს შემოწმების დროს მოპოვებულ
მტკიცებულებებს საქმის მოკვლევის პროცესში, როგორც დაუშვებელ მტკიცებულებებს.
დღეს-დღეობით, სააგენტოს ჯერ არ აქვს პრაქტიკაში გამოყენებული ეს მექანიზმი, თუმცა, დიდია ალბათობა,
სააგენტომ საქმის მოკვლევის თაობაზე ბრძანების გამოცემისთანავე მიმართოს სასამართლოს და სანამ
მხარეებს ეცნობებათ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაცია, იქამდე მოხდეს მათი ადგილზე
შემოწმება. კერძოდ, შესაძლებელია, სააგენტომ საქმის მოკვლევის დაწყების და ადგილზე შემოწმების შესახებ
ბრძანებები ერთად გააცნოს მხარეებს. ეს უფრო აქტუალური იქნება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების
შესწავლის პროცესში, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ კარტელური შეთანხმების თაობაზე საჩივრის
დასაშვებობის ეტაპზე, სააგენტო მოპასუხეს არ აცნობებს საჩივრის შესახებ ინფორმაციას და მხარემ საერთოდ
არ იცის რომ რაიმე სახის წარმოებაა მის შესახებ სააგენტოში. თუმცა, პრაქტიკა გვიჩვენებს, სააგენტოს
მიდგომას.
ეტაპი III — სააგენტოს ბრძანების გამოცემა: — სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს
თავმჯდომარემ უნდა გამოსცეს ბრძანება, სადაც იქნება მითითებული იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც უნდა
განახორციელონ ადგილზე შემოწმება (მათ შორის შესაძლოა, იყოს არამხოლოდ სააგენტოს თანამშრომელი, არამედ
მოწვეული ექსპერტიც). ეს ბრძანებაც, სასამართლოს ბრძანებასთან ერთად, უნდა გადაეცეს ეკონომიკურ აგენტს
შემოწმების დაწყებამდე.
ეტაპი IV — შემოწმების ფაქტობრივი განხორციელება: — ადგილზე შემოწმება უნდა მოხდეს ეკონომიკური
აგენტის იურიდიული ან ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე და სააგენტოს არ აქვს უფლება შეამოწმოს
უფლებამოსილი პირების საცხოვრებელი ადგილი ან ავტომანქანა. შემოწმების დაწყება უნდა მოხდეს სამუშაო
საათებში, თუმცა, დაწყებული შემოწმება სააგენტომ შეიძლება გააგრძელოს არასამუშაო დროსაც.
საქმის მოკვლევის წესის შესაბამისად, შემოწმების პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებს აქვთ უფლება
შეამოწმონ კომპანიაში არსებული ნებისმიერი დოკუმენტაცია შენახვის ფორმის და კონფიდენციალურობის
მიუხედავად, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული
მოწყობილობები, ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მყარი დისკები და სხვა, გააკეთოს მათი ასლები.
ელექტორნული მოწყობილობების და კომპიუტერების შემოწმების უფლება საკმაოდ ფართო უფლებამოსილებაა და ეს
საკითხი საჭიროებს უფრო მეტ სიცხადეს. მაგალითად, მართალია, სააგენტოს ენიჭება უფლება შეამოწმოს
ელექტორნული ფოსტის მიმოწერა, თუმცა, ან ნაწილში, პროცედურული წესი არ ითვალისწინებს ძალიან დეტალურ
ინფორმაციას და პრაქტიკაში, დადგება იმის განმარტების საჭიროება თუ რა სახის მიმოწერის შემოწმებას
ახდენს სააგენტო, მაგალითად, ითვალისწინებს თუ არა იურიდიული პროფესიის პრივილეგიას, ამოწმებს თუ არა
ან რა წესით მობილურ ტელეფონებს, რომლებიც გამოიყენება სამსახურებრივი მიზნით და ა.შ.
შემოწმების პროცესში, სააგენტოს წარმომადგენლებს აქვთ უფლება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში
დალუქონ შესამოწმებელი ფართი, დოკუმენტაცია ან კომპიუტერული ტექნიკა (რის თაობაზეც დგება ოქმი).
ასევე, შემოწმების დროს შესაძლებელია, სააგენტოს წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვან
ეკონომიკური აგენტის თანამშრომლებს. თავის მხრივ, ეკონომიკური აგენტის წარმომადგენლები უფლებამოსილნი
არიან მოიწვიონ ადვოკატი ან იურისტი, თუმცა, წესში მითითებულია, რომ ეს არ არის შემოწმების
კანონიერების პირობა.
ადგილზე შემოწმების ვადა მითითებულია მოსამართლის ბრძანებაში და ის არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას.
სააგენტო უფლებამოსილია, დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ამ ვადის
მაქსიმუმ ერთი თვით გაგრძელება.
ადგილზე შემოწმების შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლების მიერ მოხდება ინფორმაციის შენახვა, აღწერა და
ოქმის შედგენა, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე. თავის მხრივ, ეკონომიკური აგენტის წარმომადგენელი
უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა სააგენტოს მიერ.
ადგილზე შემოწმების პროცესში, ეკონომიკური აგენტის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან დაუშვან
სააგენტოს წარმომადგენლები შენობაში, ხელი არ შეუშალონ შემოწმებას და მათი მითითების შემთხვევაში არ
მიუახლოვდნენ ელექტრონულ მოწყობილობებს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით.
დგილზე შემოწმების მექანიზმის გამოყენების პროცესში სააგენტოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებები არის
საკმაოდ ფართო და მის სწორად აღსრულებას ესაჭიროება ძალიან დიდი ინტელექტუალური და ადამიანური რესურსი
სააგენტოს მხრიდან. ასევე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ მექანიზმის გამოყენება იმგვარად, რომ არ
დაუშვას მხარეთა უფლებების დარღვევა. ასევე, მნიშვნელოვანია, სააგენტომ უფრო დეტალური განმარტებები
გააკეთოს თუნდაც, გაიდლაინების შემუშვების გზით, რათა უფრო ცხადი გახდეს შემოწმების ფარგლები.